ვის განიხილავს "ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე?

26.11.24 11:23
ვის განიხილავს "ოცნება" პრეზიდენტის პოსტზე?

ვის განიხილავს პრეზიდენტის პოსტზე "ქართული ოცნება" - მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამ თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდია განიხილებოდეს, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს. 

მმართველ გუნდში ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ გამსახურდიას საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. 

ამასთან, კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი იქნეს შერჩეული, თუმცა მთავარი, რაზეც დღეს "ოცნება" აქცენტს აკეთებს, არის ის, რომ კანდიდატი, რომელიც შერჩეული იქნება, მათი მტკიცებით, "ქვეყნის ერთგული უნდა იყოს".

ივანიშვილის პარტია არ მალავს, რომ წინა პრეზიდენტებმა იმედები გაიცრუათ და ახლა საკითხს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდნონ.

როდესაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები და მისი საკონსტიტუციო უფლებანი არის შეზღუდული, ბევრ საკითხში მას სიმბოლური წარმომადგენლობითი უფლებები გააჩნია, ამ დროს იყო ხოლმე არჩეული პირდაპირი არჩევნებით, ბუნებრივია, ეს გარკვეული პოლიტიკური ამბიცია და რეალური მმართველობითი ბერკეტების  დაშორებას იწვევდა, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადამიანებში, რომელსაც არ ჰყოფნიდა იმის ნებისყოფა, რომ გაეაზრებინა მისი კონსტიტუციური მდგომარეობა რა არის. ნუ დავიწყებთ მარჩიელობას, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

პრეზიდენტის პოსტზე კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურას "ოცნების" დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილიც მიესალმება. 

არ ვიცი, პირველად თქვენგან მესმის ეს. არაფერი საწინააღმდეგო მე ამ ადამიანის არ მაქვს. საკმაოდ ერუდირებული ადამიანია, ისეთი ფესვები აქვს, რომ მის პატრიოტიზმში ძნელია, ეჭვი შეიტანო. არ ვიცი, თუ იქნება წარმოდგენილი, დავფიქრდები ამ თემაზე, -ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

ერთპარტიული პარლამენტი პრეზიდენტის არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა.

"ქართული ოცნება" აპირებს, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება. 

მსგავსი სიახლეები