"კაცური კაცი" - რა კრიტერიუმით შეარჩია ოლიგარქმა ახალი პრეზიდენტი
რა კრიტერიუმით შეარჩია ოლიგარქმა ახალი პრეზიდენტი? - "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი "კაცური კაცია". მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილს ტელე-კამერების წინ, გადაწყვეტილებას უწონებს და ირწმუნება, რომ დეპუტატი, რომელმაც თავი საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბით და გინებით დაგვამახსოვრა, "ღირსეული კანდიდატია".
მიშა არის კაცური კაცი და მაგარი ქართველი. ასეთი ღირსეული ქართველი რომ გვეყოლება პრეზიდენტი, ძალიან გაგვიხარდება, - ამბობს ერთპარტიული პარლამენტის ახალი წევრი, სპორტსმენი, გენო პეტრიაშვილი.
ამასვე ამტკიცებს "ოცნების" წევრი, ასევე სპორტსმენი ლაშა ტალახაძეც.
ის არის ნამდვილად პატრიოტი, ღირსეული ადამიანი და როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - ამბობს ლაშა ტალახაძე.
ყაველაშვილის თანაპარტიელი, სოზარ სუბარი ირწმუნება, მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა არგუმენტად მხოლოდ ის მოჰყავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განათლება ჯერ კიდევ კანონებზე მუშაობისას გამოჩნდა.
მიხეილ ყაველაშვილს განათლებაც აქვს, დიპლომიც და ყველაფერი. თქვენ თვენს პრეზიდენტს მიხედეთ. თუ დიპლომატის ძებნა გინდა, გააგრძელეთ ძებნა. ყაველაშვილის განათლება კარგად ჩანს, როდესაც ის მუშაობდა კანონებზე, მუშაობდა ამ დარბაზში, საქართველოს პარლამენტში, მის განცხადებებში, ის იყო კომიტეტის თავმჯდომარე, - ამბობს სოზარ სუბარი.
გურამ მაჭარაშვილი კი თავს ისევ სალომე ზურაბიშვილს ესხმის და ირწმუნება, რომ მისგან განსხვავებით, ყაველაშვილი "უცხოური ინტერესების გამტარებელი" არ იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი ბოლოს და ბოლოს იქნება ქართული ინტერესების გამტარებელი. ის არ გაატარებს უცხოურ ინტერესებს, ის შეხვდება ყველას და იქნება საუბარი მხოლოდ იმაზე, არა იმაზე, როგორც ზურაბიშვილი აკეთებდა, რომ ქართულ საზოგადოებას და საქართველოს აშავებდა, რომ არაფერს იმსახურებს ქართულს, არც კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველოში არ მუშაობენ ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება რადიკალურად შეცვლილი პოზიცია, - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. ილაპარაკა „ხალხის ძალის" ლიდერის მიღწევებზე - ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად "კაცური კაცობა" და "ქართული ჰაბიტუსი" დაასახელა.
თავად ყაველაშვილი კი ამ პოსტის დასაკავებლად მზად არის. ყველაზე მაგინებელი დეპუტატი პირობას დებს, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებს.
არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.