რეპრესიული, სადამსჯელო და არადემოკრატიული - მესამე სექტორი ყაველაშვილის ხელმოწერილ კანონებზე
რეპრესიული, შემზღუდავი, სადამსჯელო, არადემოკრატიული - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომამდგენლები მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონებს.
საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე დარწმუნებულია, რომ ე.წ. პრეზიდენტი კანონპროექტების გაცნობასაც ვერ მოასწრებდა, ისე მოაწერა ხელი საფრთხის შემცველ ცვლილებებს.
გარკვეული ვადები არსებობს, როდესაც სამი მოსმენით ხდება კანონის მიღება, რა ვადაშიც უნდა ჩაეტიოს პრეზიდენტი, რა ვადაშიც უნდა მოაწეროს ხელი ან დაუბრუნოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით. ამ შემთხვევაში მოხდა ის, რომ ყველა ამ პრობლემურ კანონს ხელი მოეწერა ისე, რომ რა თქმა უნდა, მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, დეტალურად გაცნობოდა მას. დაემატა სამართალდარღვევათ კოდექსს ისეთი მუხლები, რომლებიც მანამდე არ იყო, სამართალდარღვევაა, მაგალითად, სახის დაფარვა აქციაზე ნიღბით, ასევე ამ ჩანაწერში არ არის საუბარი მარტო ნიღაბზე, ნებისმიერი ფორმით დაფარვა, მაგალიტად კაშნეს გამოყენებაც კი. რეპრესიული არის პრევენციული წესით დაკავებაც. პრევენციული დაკავება ნიშნავს იმას, რომ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, პირი დააკავოს მაშინაც, როდესაც მას არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა და ის არც სჩადის ამას, უბრალოდ, ივარაუდოს პოლიციელმა, რომ ის ჩაიდენდა სამართალდარღვევას, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
კანონებს რეპრესიულად აფასებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმღვანელი ნინო დოლიძეც. მისი თქმით, "ოცნება" ამ გზით ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს.
ეს კანონები, რომელიც იქნა მიღებული, არის რეპრესიული და მათი მიზანია, ჩაახშოს ის პროტესტი, რომელიც არის ქვეყანაში და ასევე კიდევ უფრო განამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება, იმიტომ, რომ ცვლილებები ასევე შევიდა საარჩევნო კოდექსში, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი რეპრესიული კანონების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არ აპირებს გაჩერებას. ძალიან უცნაურია, როგორ მოასწრო გაცნობოდა ამ ყველაფერს, ჰქონოდა თავისი მოსაზრება და ეს მოსაზრება ყოფილიყო ყველაფერთან დაკავშირებით დადებითი, რომ ხელი მოაწერა. ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს, - ამბობს ნინო დოლიძე.
მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ქვეყანა დემოკარტიულ გზას დაუბრუნდება, ეს კანონები აუცილებლად გაუქმდება.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებულად მიღებულ ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა. რეპრესიულ კანონებად შეფასებული დოკუმენტი ძალაში დღეიდან შევიდა.