მძიმე პოლიტიკური ფასი ხალხის წამებისთვის - შავ სიაში "ოცნების" მსახურების ოჯახის წევრებიც აღმოჩნდნენ
ექვსმაგი სანქცირების შემდეგ, ვახტანგ გომელაურის ოჯახს განსაკუთრებული კონტროლი უწესდება. დე ფაქტო სანქციების ქვეშ ექცევიან გომელაურის ცოლი და უმცროსი შვილი. "ოფენ სანქშენს"-ის პორტალზე უკვე გამოჩნდა ნინო კუდუხაშვილის და ლუკა გომელაურის მონაცემები. სანქციების პორტალმა, რომელიც მთელს მსოფლიოში სანქცირებული პირების საძიებო სისტემად ითვლება, გომელაურის შვილის და ცოლის პერსონალურ გვერდები გახსნა და ისინი მაღალი რისკის პირებად მოიაზრა.
გომელაური ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, მაგნიტსკის აქციების გარდა მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმეა ბრიტანული აქციები. სავიზო შეზღუდვებთან ერთად, გომელაურს არანაირი საბანკო ანგარიშის გახსნა აღარ შეუძლია. "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის ოჯახის წევრები ლონდონის ხშირი სტუმრები არიან. ბრიტანეთის საერთაშორისო აეროპორტში გომელაურის ცოლს, ნინო კუდუხაშვილს სასაზღვროს არაერთი კვეთა უფიქსირდება, ახლა უკვე ნინო კუდუხაშვილი თავისუფლად ბრიტანეთში გადაადგილებას ნამდვილად ვეღარ შეძლებს. შეზღუდვა შესაძლოა გომელაურის მეუღლის ანგარიშებსაც შეეხოს.
"ოფენ სანქშენს"-ის პორტალზე მაღალი რისკის პირების სიაში ჩასვეს ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" შვილი. ასევე ხარებას მოადგილის, მირზა კეზევაძის ცოლი. ეს მინიმუმ იმის დასტურია, რომ სანქცირებული პირების ოჯახის წევრები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იქნებიან, შემოწმდება გადარიცხვები და გართულდება მათი ფინანსური ცხოვრება.
ბიძინა ივანიშვილი სანქციების ქვეშ არის, მაგრამ ეს მხოლოდ მას არ ეხება. ოლიგარქის ოჯახის წევრებიდან "ოფენ სანქშენს"-ის პორტალზე მხოლოდ ბერა ივანიშვილი ჩანს. თუმცა ივანიშვილის შემთხვევაში, ყველაზე მძიმედ საქმე ფინანსურ ნაწილშია - ოლიგარქს აქტივები გადანაწილებული აქვს, გადაფორმებული და გაყოფილი. ბიზნესწილებს სხვა მინი ოლიგარქებთან ერთად ფლობს. ამიერიდან ყველა, ვინც მის მხარდაჭერას გადაწყვეტს, მეორადი სანქციების რისკის ქვეშაა. მათ შორის ბანკები, რომლებიც ივანიშვილის მომსახურებაზე წავლენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.