უილსონი: მცდარი წარმოდგენა აქვთ ტრამპზე, ის მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიც ზურაბიშვილია
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" დონალდ ტრამპზე მცდარი წარმოდგენები აქვს.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი მხარს ისეთ ლიდერებს უჭერს, როგორიც პრეზიდენტი ზურაბიშვილია.
ვფიქრობ, მათ ყოვლად მცდარი წარმოდგენები აქვთ დონალდ ტრამპზე. ის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. მართალია, ტრამპი მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ როცა ხედავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, გადამწყვეტად მოქმედებს.
2020 წელს, სპიკერ მაიკ ჯონსონთან და [ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად, რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის მეშვეობით გამოვაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა. და, როგორც იქნა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა. შეიქმნა განწყობა, სადაც ისმის კითხვები საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, მათ აღიქვამენ, როგორც პუტინის გავლენის გამავრცელებელ ძალას. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში, და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მარცხს იგემებს საქართველოშიც. სირიაშიც ხელი მოეცარა, მისი გლობალური წარუმატებლობების სია თანდათან იზრდება, სამწუხაროდ, მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას.