"3 იანვარს MEGOBARI Act-ს წარვადგენთ" - უილსონი
MEGOBARI Act-ს კონგრესში 3 იანვარს წარადგენენ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
რესპუბლიკელი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ "მეგობარი აქტი" იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს.
3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, "მეგობარი აქტი" ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის]", - თქვა უილსონმა.