აშშ-მ შესაძლოა, "ოცნებასთან" ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტოს - მძიმე ვერდიქტის მოლოდინში
"ქართული ოცნების" მთავრობის საერთაშორისო არაღიარებამ შესაძლოა, ოფიციალური სახეც მიიღოს. დოკუმენტი, რომლითაც შტატები ივანიშვილის პარტიას დიქტატორულ რეჟიმად ცნობს, ამერიკის კონგრესში რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება. არაღიარების აქტის ავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელმაც პარტნიორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპის პარტიის წევრს მიაჩნია, რომ ამერიკამ საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს.
"ქართული ოცნება" იმედს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ამყარებს, თუმცა საინტერესოა, რა იმედი შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილის პარტიას ახალი ადმინისტრაციისგან, როცა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებების ინიციატორები სწორედ ტრამპის პარტიის წევრები არიან. ჯო უილსონის არაღიარების აქტის მიმართ მხარდამჭერთა რიცხვი ჯერ არ ვიცით, თუმცა ცნობილია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მის მიერ წარდგენილ მეგობარი აქტს, რომლის დამტკიცება 20 იანვრის შემდეგ იგეგმება. ამ დოკუმენტით იზრდება ხალხის მხარდაჭერა და სანქცირდება რეჟიმი.
ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ პროცესი აქ არ გაჩერდება. შესაძლოა, მძიმე სანქცია მისი ოჯახის წევრებს და გარემოცვას შეეხოს. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გაზიარებას ითხოვენ ევროკავშირში. შესაბამისი მიმართვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ გაავრცელა და ევროსტრუქტურებს მოსთხოვა, რომ რეჟიმის ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას მკაფიო პასუხი გასცენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.