ველოდები, რომ პოლონეთს "ოცნებასთან" მიმართებით მკაცრი პოზიციები ექნება - ნინო კალანდაძე
"ფონდ ჭავჭავაძის" დირექტორი ნინო კალანდაძე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის გამოცხადება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. მისი თქმით, პოლონეთის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ძლიერი ხმა და ლობისტი ეყოლება. ამის ფიქრის საფუძველს კალანდაძეს ის ფაქტი აძლევს, რომ პოლონეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებები დაგმო და იმ პირები დასანქცირება მოითხოვა, ვინც ქართველი ხალხის ნებას უგულებელყოფდა და რეჟიმის გაძლირებას უწყობდა ხელს.
ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, განსხვავებულად ესმის რა არის რუსული ოკუპაცია და განსხვავებულად ესმის, რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს იმან, თუ ამას დროულად არ გაუმკლავდები. რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და პირველ რიგში, პოლონეთი, იყვნენ მოწინავე ქვეყნები იმათ შორის, ვინც ივანიშვილს ძალიან სწრაფად დაუსვეს დიაგნოზი და თქვეს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და ეს არის რუსული ექსპანსია ივანიშვილის ხელით საქართველოში იმისთვის, რომ ევროპას გადაწვდეს შემდგომ რუსეთი. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ხმა ეყოლება პოლონეთის თავმჯდომარეობით, ძალიან ძლიერი ლობისტი ეყოლება. პოლონეთი პირველ რიგში მხარს უჭერდა სანქციებს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ტალღას, რომელიც სწორედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაძრეს უკრაინის შემდეგ. ისინი არიან ყველაზე ძლიერი მომხრეები სანქციების დაწესების, სანქციების გაძლიერების, ფინანსური სანქციების შემოღების სწორედ იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ რეჟიმის სიძლიერეს განაპირობებენ, ივანიშვილი და მისი უშუალო გარემოცვა, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და ამ თვალსაზრისით ველოდები, რომ პოლონეთს ძალიან ძლიერი პოზიციები ექნება, - ამბობს ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იქნება. პოლონეთს საკუთარი მყარი პოზიცია აქვს საქართველოში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით. სწორედ პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა, რომ ახლა გამოსავალი სწორედ ახალი არჩევნებია.