მაკრონის განცხადების შემდეგ, პაპუაშვილი საფრანგეთში ახალი არჩევნების დანიშვნაზე ალაპარაკდა
მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონი საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნაზე ალაპარაკდა, ის ივანიშვილის გუნდის სამიზნე გახდა. პრემიერის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დაწინაურდა და თქვა, რომ "საფრანგეთში ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს".
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, შალვა პაპუაშვილმა ამის მიზეზად არა საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ ფრანგი ხალხი დაასახელა, რომელთა 61%, მისი მტკიცებით მხარს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს.
„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, 6 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.