მოქალაქეების დაკავებაში ჩართული ადამიანები აჭარის სამმართველოში არ მუშაობენ, "ოცნების" "ტიტუშკები" არიან - გენო თებიძე
"ვაჟა დარჩია იმის გამო დააკავეს, რომ უბრალოდ იკითხა, სხვას რატომ აკავებდნენ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გენო თებიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე ცნობით, ბათუმში მიმდინარე დაკავებების სერიაში არა პოლიციელები, არამედ "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული ე.წ. ტიტუშკები მონაწილეობდნენ - "ბევრი არის ნიღბებით და არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ აჭარის სამმართველოში".
ვაჟა დარჩია იმის გამო დააკავეს, რომ უბრალოდ იკითხა, სხვას რატომ აკავებდნენ. ერთი მეორის მიყოლებით აკავებდნენ ადამიანებს, ვინც კითხულობდა თავიანთი მეგობრების ბედს. აგონიაში არიან ჩავარდნილი. ასეთი აგრესიულები რეგიონული პოლიციის წარმომადგენლები არ ყოფილან კარგა ხანია. ბევრი არის ნიღბებით და არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ აჭარის სამმართველოში. ეს ადამიანები არიან "ქართული ოცნების" ტიტუშკები", - ამბობს გენო თებიძე.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.
თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე ბათუმშიც გადავიდნენ - პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.
ამ დროის მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან: ვაჟა დარჩია, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, მზია ამაღლობელი, გია ჯვარშეიშვილი.