ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება - ბოკუჩავა გახარიაზე თავდასხმაზე
გიორგი გახარიაზე თავდასხმას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიუსელიდან ეხმაურება.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება არამედ ქვეყნის ბიძგებაა სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ.
მინდა ბრიუსელიდან გამოვეხმაურო “ქართული ოცნების” დეპუტატებად წოდებული ზონდერ ბრიგადის მხრიდან გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ჯგუფური თავდასხმის ფაქტს.
ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიებისა და ძალადობის მაგალითი, არამედ იმგვარი სამოქალაქო დაპირისპირების და განუკითხაობისკენ ქვეყნის ბიძგება, რაც ბნელ 90-იანებს ჩაბარდა და რამაც ღრმა ეროვნული ტრავმა დატოვა თაობებში.
ეს არის ქვეყნის მტრობა, ღალატი, რუსული ოცნება, დასტური იმისა, რომ ან ჩვენ გავაგდებთ (დიახ, გავაგდებთ, მომედავოს ახლა იმედი) ივანიშვილს, ან ის გაანადგურებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამოანგრია, არამედ ქვეყანას და ქართველ ხალხს.
ჩემი სრული სოლიდარობა გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს.
საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.