ივანიშვილის ხელკეტად ახლა სამხარაძე და მანველიძე აღმოჩნდნენ - კუპრაძე გახარიაზე თავდასხმაზე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა პირადად ივანიშვილის მიერ იყო დაგეგმილი, ამ შემთხვევაში კი ის დიმიტრი სამხარაძის და გიორგი მანველიძის ხელით განახორციელა.
ეს არის "სბროდი" მოძალადეების, რომლებსაც ფიზიკურად ვერ ასცდება პასუხისმგებლობის აღება - აცხადებს კუპრაძე.
ეს იყო ივანიშვილის ძალადობა, ივანიშვილის მხრიდან დაგეგმილი და ივანიშვილის ხელკეტი იყო, რომელიც მედიას, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს, ახლაც იგივეა, უბრალოდ ივანიშვილის ხელკეტად ახლა აღმოჩნდა დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე. დიტო სამხარაძეს ყველა იცნობს, მაგრამ გიორგი მანველიძე არის ადგილობრივი, აჭარული ვერსია დიტო სამხარაძესი, ცეხავიკი, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მეგობარია და ადგილზე წარმოადგენს სამშენებლო ყულაბას "ქართული ოცნებისას". ეს არის "სბროდი" მოძალადეების, რომლებსაც ფიზიკურად ვერ ასცდება პასუხისმგებლობის აღება", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.