პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს! - „ძლიერი საქართველო" გახარიაზე თავდასხმაზე

15.01.25 15:14
 პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს! -  „ძლიერი საქართველო" გახარიაზე თავდასხმაზე

ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ჯგუფურ თავდასხმას.

„ძლიერი საქართველოს“ სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას! - თქვა პოლიტიკოსმა რამდენიმე წუთის წინ. 

„პერსონალურად ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომლებსაც რუსულ სტილში ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებენ და ამ რეპრესიების მძიმე მაგალითებია გუშინდელი თავდასხმა ზვიად ქორიძეზე, მზია ამაღლობელის და ათობით ადამიანის, მათ შორის „ძლიერი საქართველოს“ წევრებისა და ლიდერების აბსოლუტურად, დაუსაბუთებელი და უკანონო პატიმრობა.

ჩვენი სახელით სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს და ვაძლევთ გარანტიას, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ყველა ჯალათს, რომელიც მონაწილეობს მათ წინააღმდეგ, ამ უსამართლო და სასტიკ რეპრესიებში, სათანადო პასუხი რეფორმირებული მართლმსაჯულების პირობებში გაეცემა!“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.