თავდასხმის სრული ვიდეო-მასალა შენახულია - „შერატონის“ მენეჯერი

15.01.25 16:04
თავდასხმის სრული ვიდეო-მასალა შენახულია -  „შერატონის“ მენეჯერი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია - ამის შესახებ ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერმა, მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ადმინისტრაცია მზად არის, მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.

მისი თქმით, "არაფერი წაშლილი არ არის" და ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება.

მეგი ჟღენტის თქმით, სამეთვალყურეო კამერები ინახავს ინციდენტის ამსახველ ყველა კადრს, თუმცა ჩანაწერს არ აქვს ხმა. 

„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არაა. ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის. [ორივე ჩანაწერი] სრულად არის“, – თქვა მენეჯერმა ჟურნალისტებთან.

კითხვაზე, რატომ დაასუფთავეს შემთხვევის ადგილი, პოლიციის მისვლამდე, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "სავარაუდოდ, უშუალოდ დალაგება-დასუფთავების სამსახურმა მიიღო".

შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები შემოდიოდნენ და დასუფთავების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება. პოლიცია მოვიდა გვიან და ამიტომ დასუფთავდა " - თქვა მან. 

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.