"გახარიამ პასუხი მიიღო" - კობახიძე
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება.
ირაკლი კობახიძე კამერების წინ ამტკიცებს, რომ "ძალადობრივი დაპირისპირება" პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა დაიწყო - "ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი".
ხშირად საუბრობენ ხოლმე პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე. როდესაც ხარ ნაცი და ხარ ჯაშუში, გაქვს თმენის ვალდებულება. როდესაც გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ჯაშუში, ამას უნდა შეხვდე თმენით. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
- პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
- "შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.
გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ივანიშვილის გუნდი ყოფილ პრემიერს დაჭერით ემუქრება. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება თავად გახარიამ დაიწყო და მას მიუთითებს, "დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას?".