პირველი ოფიციალური შეხვედრა სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ - PACE-ს თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.