"საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია, მოვუწოდებთ "ოცნებას", გამოიძიოს გახარიაზე თავდასხმის საქმე" - ჩეხეთის საგარეო
"საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია" - ამის შესახებ პლატფორმა X-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს და ბათუმში, "ქართული ოცნების" წევრების მიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.
ჩეხეთის საგარეო ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, მოცემული საქმე გამოიძიოს.
შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.