“ლაჩრულად გამოუვიდათ“ - ანა ბუჩუკური ამბობს, რომ გახარიაზე თავდასხმა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო

17.01.25 00:27
“ლაჩრულად გამოუვიდათ“ - ანა ბუჩუკური ამბობს, რომ გახარიაზე თავდასხმა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო

პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა გადაცემა “რეაქციაში“ გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

ბუჩუკურის მტკიცებით, ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული და დადგმული.

“მსგავსს ველოდით, მაგრამ ესეც ძალიან ლაჩრულად გამოუვიდათ“, - თქვა მან.

დადასტურებით მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი იყო ორგანიზებული. ვინც დაგეგმა და ხელმძღვანელობდა ამ თავდასხმას, თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ მათი დამალვის შანსი არის ნული, ვერ დაიმალებიან. გახარიას, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე აქვს და ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, რომლსაც მნიშვნელოვანი შედეგები ექნება “ოცნების“ ლიდერებზე, და რაც მთავარია საქართველოს ევროპულ მომავალზე. შესაბამისად, მსგავსს ველოდით, მაგრამ ესეც ძალიან ლაჩრულად გამოუვიდათ. ადამიანები, რომლებმაც ეს დაგეგმეს და თვლიან, რომ იმ არარაობების ზონდერებს ამოეფარებიან, მათ გასაგონად ვამბობ: ვერ დაიმალებით, წესით კარგად უნდა იცნობდეთ გახარიას, მაგრამ როგორც ჩანს ვერ გაიცანით. გარდა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ფრაგმენტისა, საჯარო მუქარა იყო ეს, ეს თავდასხმა იყო ორგანიზებული, ზუსტად იცოდნენ სად და როგორ იყო გახარია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ბუჩუკურმა იმ ვიდეოზეც ისაუბრა, რომელიც მედიაში გავრცელდა და მას ფაბრიკაცია უწოდა.

“ჩვენი მოთხოვნაა სრულად იქნას შერატონის კადრები გადმოცემული“, - თქვა მან.

მისივე თქმით, იმ ხალხის ნაწილი, რომელიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია.

“ბევრი ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ სათქმელს ვიტყვით, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.  გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.