პრეზიდენტი ზურაბიშვილი კაპიტოლიუმშია
სალომე ზურაბიშვილი უკვე კაპიტოლიუმშია - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად ესწრება, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ, პროცესს კაპიტოლიუმის დარბაზში დასწრებოდნენ.
- სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა მიიწვია.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დონალდ ტრამპი ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე დადებს.
მოსალოდნელია, რომ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ასევე დაესწრებიან ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაქ ობამა და ჯო ბაიდენი.