ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება - ივანიშვილის ცოლმა ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა

21.01.25 11:12
ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება - ივანიშვილის ცოლმა ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა

ბიძინა ივანიშვილმა ქონების გადამალვის ახალი სპეცოპერაცია დაიწყო - გუშინ საღამოს სასწრაფო წესით ეკატერინე ხვედელიძემ საქართველოში ახალი სააქციო საზოგადოება სს ,,ლუსოლი” დააფუძნა. ეს მას შემდეგ რაც ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ შვეიცარიულმა ბანკმა ამერიკული სანქციების გამო არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების ანგარიშებიც გაყინა.

კომპანია საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა - კომპანია "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატო ხაინდრავამ მის სახელზე ეკატერინე ხვედელიძის მიერ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე დარეგისტრირდა.

სს „ლუსოლის“კაპიტალი 100 000 ლარია.

 

მკვლევარები ეჭვიბენ, რომ ოლიგარქი ამჯერად "გალერეა თბილისის", ვაკის ცათამბჯენების, პანორამა თბილისის  და ჰესების ბიზნესის გადარჩენას ცდილობს.

ააიპ "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელის, ირაკლი აბესაძის თქმით, როგორც ჩანს, ოფშორებიდან გამოქცევა სრულდება და კაიმანის კუნძულებიდან ,,თანაინვესტირების ფონდი”-ს (რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე ეკა ხვედელიძე იყო) ქონება საქართველოში რეგისტრირებულ ამ სააქციო საზოგადოებაზე გადმოფორმდება.

აბესაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი არჩევანი ჰქონდა: მოესმინა ქართველი ხალხისთვის ან ეზრუნა მხოლოდ საკუთარი ქონების გადარჩენაზე და ისიც ცხადია დროებით. 

ცნობისთვის, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან  ქონების საკუთარ ვაჟზე, უტა ივანიშვილის სახელზე გადაფორმების სერიის შემდეგ, ივანიშვილმა პანამის ოფშორული ზონასაც დატოვა.

ირკვევა, რომ Limestone Finance International-ზე რეგისტრირებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე ივანიშვილმა ახალი წლის ღამეს გადააფორმა.

სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი, სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე, სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი - აბესაძე ვარაუდობს, რომ აქ იქნება თავმოყრილი ივანიშვილის სრული ქონება.