გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" კადრებში "ხარებას" ძალადობა ვერ დაინახა

04.02.25 11:38
გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ "ტვ პირველის" კადრებში "ხარებას" ძალადობა ვერ დაინახა

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ როცა სამართალდამცავი მოქალაქეს აგინებს და წიხლს ურტყამს კანონდარღვევაა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც პოლიციის მაღალჩინოსანს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მიერ მოქალაქის ცემის ამსახველ უწყვეტ კადრს ვაჩვენებთ. 

  • ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის ეთერის" ოპერატორმა 2 თებერვალს ღამით გადაიღო, ზვიად ხარაზიშვილის მანქანასთან თათბირი ჩანს. ამის შემდეგ სპეცრაზმი მოქმედებაზე გადადის და აქციის მონაწილეებზე ნადირობა იწყება - დემონსტრანტებზე ჯგუფურად ძალადობენ. დაკავებულების ნაწილი "ხარებასთან" მიყავთ და ის წიხლს ურტყამს

  • "ხარება" მომიტინგეებს რაციდან აგინებს (ვიდეო)
     

 

"თუ თქვენ თვლით, რომ პოლიციელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას აქვს ადგილი, სადაც შეგიძლიათ  წარადგინოთ და დაიწყება გამოძიება. არაფერი ჩანს მანდ (ტვ პირველის მიერ 2 თებერვალს გადაღებულ კადრებში). მითხარით კონკრეტულად ვის დაარტყა (ხარებამ). 

დაკავების დროს, სრულიად შესაძლებელია, მიიღოს დაზიანება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ცემა"- ამტკიცებს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი. 

რაც შეეხება "კოალიცია ცვლილებების" ლიდერის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ნიკა მელიამ თქვა, რომ მას პოლიციის განყოფილებაში ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ფეხი დაარტყა, მემანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ფაქტიც ტყუილია: "ყველაფერი შეუძლიათ თქვან". 

ეს ყველაფერი არ არის, მემანიშვილს, რომელიც დილიდან "ხარებას" იცავს, მეორე პოლიციელი გამოესარჩლა - ეს უკანასკნელი ამბობს, რომ კადრები ნანახი არ აქვს, მაგრამ გურჯაანიდან ვიცის, რომ "ხარებას კადრი დამონტაჟებულია".