განზრახვა აქვთ, პატიმრების ოჯახები შეგვავიწროონ, რომ დანაშაული გვაღიარებინონ...ბოლომდე ვიბრძოლებთ - ზურა ცეცხლაძე

12.02.25 11:24
განზრახვა აქვთ, პატიმრების ოჯახები შეგვავიწროონ, რომ დანაშაული გვაღიარებინონ...ბოლომდე ვიბრძოლებთ - ზურა ცეცხლაძე

რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, რომელიც გუშინ გვიან ღამით პოლიციამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა, მომხდარს პროტესტის ჩახშობის მცდელობად აფასებს. ზურა ცეცხლაძე ამბობს, რომ რეჟიმს სურს, პოლიტპატიმრების ოჯახები შეავიწროოს, რატა დაკავებულებმა დანაშაული აღიარონ და დაიბრალონ, თუმცა, მისი თქმით, ეს შედეგს არ გამოიღებს.

ზვიად ცეცხლაძის მამა არ გამორიცხავს, რომ პოლიტპატიმრებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დააპატიმრონ, თუმცა ამბობს, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.  

არის მცდელობა, ზოგადად, პროტესტი რომ მოახრჩონ, ამისთვის გადაწყვიტეს, რომ საჭიროა მაქსიმალურად პატიმრების ოჯახის წევრების შევიწროება, რომ დათანხმდნენ ოჯახები, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, სჯობს, აღიარიაბინონ დანაშაული, დააბრალებინონ საკუთარ თავზე ამ პატიმრებს და საპროცესო მიმართულებით ვიმუშაოთ. ე.ი., თუ ძალიან შეგვაწუხებენ, ჰგონიათ, რომ შემდეგ დავთანხმდებით მათ წინადადებებს და შემოთავაზებებს. პირდაპირ შემიძლია, რომ ვუთხრა: ფუჭია მათი მცდელობა. განზრახვა გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვერც ჯარიმები გაგვაჩერებს. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახები მთლიანად დაგვაპატიმრონ: მამები, დედები, ძმები, დები, ვინც აქტიური არიან პოლიტპატიმრების, თუმცა ვარწმუნებ, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. ერთი წუთით არ იფიქრონ, რომ ეს შედეგს გამოიღებს, - ამბობს ზურა ცეცხლაძე. 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

ზურა ცეცხლაძის ცნობით, მას სახლთან 7-მდე პოლიციელი დახვდა და საჯარიმო ოქმი ჩააბარა.