სისტემის მხილების სერია გრძელდება - როდის შედგა ოლიგარქსა და სასამართლო კლანს შორის გარიგება?
სისტემის მხილების სერია გრძელდება - იურისტი კახა წიქარიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ სწორედ ე.წ. "კაბელების საქმით" დაიწყო პირველი შეთანხმება სასამართლოს კლანის შეფებსა და ოლიგარქს შორის.
მისივე თქმით, გარიგებაში თეა წულუკიანი და ნინო გვენეტაძე მოექცნენ.
"ერთ-ერთი პირველი შეთანხმება მოხდა ე.წ. კაბელების საქმეზე "ქართულ ოცნებასა" და კლანს შორის. ამ გარიგების შედეგად, კლანმა გადაწყვიტა "კაბელების საქმე" ისე, როგორც უნდოდა "ქართულ ოცნებას", სამაგიეროდ, მხარდაჭერა მიიღო. ამ გარიგებაში წულუკიანი და გვენეტაძე მოექცნენ. ადრე თუ ისინი ებრძოდნენ კლანს, "კაბელების საქმის" შემდეგ, მათ თავი დაანებეს მათთან ბრძოლას და მათი განცხადებები უკვე ემთხვევა "კლანის" ინტერესებს.
თავად გვენეტაძემ მითხრა, რომ ხელისუფლებისგან მიიღო სიგნალი, რომ მას უნდა ჩაეჩოჩებინა უკან და ამაში იგულისხმებოდა ის ცნობილი კანონპროექტი, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა გასწყვეტოდათ უფლება-მოსილება. გვენეტაძემ თქვა - მითხრეს, რომ უკან უნდა დავიხიო, ამ კანონპროექტზე უარი უნდა ვთქვათ. მან ასევე მინიშნება გააკეთა "კაბელების საქმეზეც. ეს არის 2015 წელი და მე მივხვდი, რომ ეს ერთი მთლიანი გარიგების ნაწილი იყო. მე გვენეტაძეს მაშინვე ვუთხარი - თუ შენ უკან დაიხევ, მოგიწევს დანებება" - ამბობს "პირველებთან" კახა წიქარიშვილი.
ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, დღეს "პირველებს" უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე უყვება, როგორ მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა ივანიშვილის მიგზავნილი შუამავლების და ოთარ ფარცხალაძის ხელით.
ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი აცხადებს, რომ ივანიშვილი სასურველი განაჩენისთვის მზად იყო, მილიონიც კი გადაეხადა. "რეაქციისთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ისიც რომ მოსამართლე ჯუღელზე ფსიქოლოგიური ტერორი სისტემატურად ხორციელდებოდა. მათ შორის ჯუღელის თქმით, ოთარ ფარცხალაძის ხელითაც. ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯუღელმა განაცხადა რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ექს პროკურორი მას გარიგებას სთავაზობდა.
ინგა გრიგოლიასთან სტუმრობამდე ყოფილმა მოსამართლემ ექსკლუზიური ინტერვიუ "ტვ პირველის" ახალი ამბების რედაქციას მისცა. დავით ჯუღელი "პირველებს" უდასტურებს, რომ თუ რეჟიმისთვის სასურველ განაჩენს არ დააყენებდა, შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ.