პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო

25.02.25 15:19
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო

საქართველოს პრეზიდენტი  უამინდობისა და დიდთოვლობის გამო სხვადასხვა რეგიონში შექმნილ უმძიმეს პრობლემებს ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, თუმცა არ ჰყავს სახელმწიფო

დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ და არც ერთი სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, ძალიან ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. საზოგედოების მწვავე პროტესტის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალები შეჰყავს - შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ მხოლოდ დღეს გამოსცა.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, გაყინული, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. 

ასევე,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა. 

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, სოფელ კონჭკათში - 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა.