დოკუმენტი: "ოცნებამ" თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო
"ტვ პირველმა" მოიპოვა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ექვსი დღის დაგვიანებით დაიწყო თოვლში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების ორგანიზება.
"ტვ პირველის" ხელშია 27 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც ჩანს, რომ ოზურგეთის მერიამ სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნვაც ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყო. არადა 21 თებერვლიდან უკვე იცოდნენ, რომ ხალხი ურთულეს მდგომარეობაში იყო - უწყლოდ, საკვების გარეშე, უშუქოდ და სრულ იზოლაციაში.
27 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელმაც პირველადი საკვები პროდუქტები გადასცა ოზურგეთის მერიას, ეს მაშინ, როდესაც თავად ოზურგეთის მერია წერს, რომ 21 თებერვლიდან არის სტიქია და პრობლემა. მთელი ერთი კვირის განმავლობაში, ავთანდილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით",- ამბობს კორუფციის ექსპერტი და კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბესიკ დონაძე.
დასტურდება ისიც, რომ რეგიონებს სტიქიის დროს ჰქონდათ ფული, რათა ხალხისთვის დახმარება დროულად აღმოეჩინათ, თუმცა ეს ექსპერტების შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" კრიტიკულ მომენტში არ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიას ბიუჯეტში სოლიდური თანხა უკვე გააჩნდა, თუმცა "ტვ პირველის" მიერ მოპოვებული კიდევ ერთი დოკუმენტი, ადასტურებს, რომ კობახიძის მთავრობამ თალაკვაძის უწყებას 28 თებერვალს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 2 400 000 ლარი გადაურიცხა.

ისევე როგორც ყველა სახელმწიფო ორგანოს, ოზურგეთის მერიის მერიის რეაქციაც დაგვიანებულია სტიქიის შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ორ მილიონ ნახევარი ჰქონდათ ბიუჯეტში გაწერილი, მსგავსი შედეგების პრევენციისთვის, ფაქტობრივად, ამის ათვისება ვერ მოხერხდა და კიდევ დამატებით 2 400 000 ლარის ტრანსფერი განახორციელა საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ, რათა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახორციელონ.
გარდა ამისა, 300 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვები განახორციელეს ბოლო კვირაში, როცა უკვე პიკში იყო სტიქია, იმისთვის, რომ ტექნიკა ექირავებინათ და სოფლები გაეწმინდათ.
ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ ერთის მხრივ ოზურგეთის მერია მოუმზადებელი შეხვდა სტიქიას და მეორეს მხრივ, მათ დაგვიანებული რეაქციები აქვთ"- ამბობს "პირველებთან" "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.