"უმძიმესი დღეა, რომელსაც ჯანსაღი რისხვა უნდა დავუპირისპიროთ" - დათა თავაძე

05.03.25 22:01
"უმძიმესი დღეა, რომელსაც ჯანსაღი რისხვა უნდა დავუპირისპიროთ" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, სადაც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი.

თავაძის თქმით, ხალხი გაჩერებას არ აპირებს, ბრძოლა გრძელდება ახალი შემართებით და ახალი ტალღით.

"ჩვენ ვუყურებთ, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თაობის, ჩვენი თანამებრძოლების წვალებას. ამის ყურება არის გაუსაძლისად მტკივნეული" - ამბობს რეჟისორი.

ჩვენ მთელი დღეა აქ ვართ. ვდგავართ ჩვენი თანამოაზრეების, თანამებრძოლების გასამხნევებლად. ეს არის უმძიმესი დღე, რომელსაც უნდა დავუპირისპიროთ ჯანმრთელი, ჯანსაღი რისხვა, სხვა გზა აღარ არსებობს უკვე. მე მაქვს იმედი და მთელი საქართველო ხედავს იმ უსამართლობას, რომლისთვისაც გასწირეს ეს სახელმწიფო. ეს ჩვენი ქვეყანა, ეს ჩვენი დასაცავი ქვეყანა და ჩვენი სიმართლეა, რომელიც ბოლომდე უნდა დავიცვათ.

ჩვენ ვუყურებთ, ჩვენი მეგობრების, ჩვენი თაობის, ჩვენი თანამებრძოლების წვალებას. ამის ყურება არის გაუსაძლისად მტკივნეული და ამ ტკივილს აქვს ერთადერთი გამართლება, თუ იგი გადაიქცევა მოქმედებად. მოქმედება გაგრძლებდა იქამდე, სანამ სამართალს არ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანაში. სანამ არ დავიბრუნებთ იმას, რისთვისაც ვიბრძვით ამდენი წელია, ამდენი თვეა, ამდენი დღეა და გრძელდება ეს ბრძოლა, არავის არ ეგონოს, რომ ოდნავ მაინც შეფერხდა და გაჩერდა. არ გავჩერდებით, იწყება ახალი ტალღა, იწყება ახალი მოძრაობა. აქ არის უამრავი ადამიანი შეკრებილი, რომელსაც გული ხელში უჭირავს და არავის არ ეგონოს, რომ ეს გული აღარ აქვს ამ ხალხს. ჩვენ გვაქვს აბსოლიტურად იგივე შეგრძნებები და კიდევ უფრო დიდი ბრაზი, რაც გვქონდა", - ამბობს დათა თავაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოს მთავარი შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტეს. 

ტერიტორიაზე პოლიციის გამოჩენამდე ხმაური იყო - პირველი ინსტანციის სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებსა და მობილიზებულ მანდატურებს შორის ადგილი დაპირისპირებას ჰქონდა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ მანდატურებმა 15-მდე ადამიანს საქალაქოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რამაც სინდისის პატიმრების მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სინდისის პატიმრების პროცესზე ხმაური იყო - მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. სხდომიდან გამოსულმა მოქალაქეებმა დარბაზი პროტესტით და "ოლე ოლას" შეძახილებით დატოვეს. 

სხდომათა დარბაზი სინდისის პატიმრებმაც დატოვეს - რეჟიმის ტყვეებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი შვანგირაძემ პროცესი ნაწილობრივ დახურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები