კოჭლამაზიშვილი რეჟიმის დაკვეთას მონური მორჩილებით ასრულებს - ბოკუჩავა

12.03.25 23:56
კოჭლამაზიშვილი რეჟიმის დაკვეთას მონური მორჩილებით ასრულებს - ბოკუჩავა

"დღეს მძიმე დღე იყო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება არავისთვის არ ყოფილა სიურპრიზი" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილ განაჩენს. 

ბოკუჩავას შეფასებით, ბადრი კოჭლამაზიშვილი ივანიშვილის რეჟიმის მონაა, რომელიც  პოლიტიკურ დავალებებს უპირობოდ ასრულებს. 

დღეს ძალიან მძიმე დღე იყო, თუმცა ეს არავისთვის არ ყოფილი სიურპრიზი. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დაწერა წერილში, რომლის წაკითხვის შესაძლებლობა მეც მქონდა. ის ითხოვდა, რომ დასწრებოდა სასამართლო სხდომას, რისი შესაძლებლობაც არ მისცეს და ამ წერილში გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ ბუნებრივია ეს არავისთვის სიურპრიზი არ იყო, რომ უმაღლეს სასჯელს გამოიტანდა ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთოდ იმ კეთილსინდისიერებასთან და ღირსებასთან, რასაც უნდა ახასიათებდეს და უნდა იყოს განუყოფელი ნაწილი მოსამართლისთვის. ეს არის ადამიანი, ბევრ სხვა მოსამართლესთან ერთად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით და პოლიტიკური დაკვეთით, სრული მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დაკვეთას და რეჟიმის დაკვეთა იყო მაქსიმალური საზომის სასჯელის დაწესება..." - განაცხადა ბოკუჩავამ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

რა გაგრძელება ექნება პიჯაკების საქმეს? - ირკვევა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს მეორე ინსტანციაში გაასაჩვებს, ასევე თემურ ჯანაშიასთვის 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გასაჩივრებას აპირებს პროკურატურაც.

 

მსგავსი სიახლეები