"ოცნება" "ნარკოპოლიტიკის რეფორმის" ფარგლებში სასჯელად "სავალდებულო მკურნალობას" აანონსებს

17.03.25 21:36
"ოცნება" "ნარკოპოლიტიკის რეფორმის" ფარგლებში სასჯელად "სავალდებულო მკურნალობას" აანონსებს

"ქართული ოცნების" პარლამენტი გეგმავს, რომ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს სავალდებულო მკურნალობა დაემატოს.

ინიციატივა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა. მისივე თქმით, მკურნალობა განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება საჭირო და ის სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორიაში გავა. 

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვამკაცრებთ კანონმდებლობას. [...] ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს, სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია.

ეს არ იქნება ადმინისტრაციული სასჯელი, ეს იქნება სისხლის სამართლის წესით, სისხლის სამართლის ნორმაში დაწერილი სასჯელი, იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაენიშნება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს შემთხვევები იქნება შეფასებული როგორც მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში, ასევე შესაძლოა, ამ დისკრეციის განხორციელებას, მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას ამ მიმართულებით საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიური, ნარკოლოგის ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ. და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით და არა მხოლოდ კერძო, არამედ ზოგადი პრევენციისათვისაც, იყოს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

არცერთი კითხვა, არცერთი განსხვავებული მოსაზრება და არანაირი მსჯელობა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.  

მსგავსი სიახლეები