არჩევნების გაყალბების საქმეზე საიას სარჩელი სტრასბურგშია - რა მოლოდინი არსებობს თბილისში

20.03.25 17:31
არჩევნების გაყალბების საქმეზე საიას სარჩელი სტრასბურგშია - რა მოლოდინი არსებობს თბილისში

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების საქმეზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელის დარეგისტრირების ფაქტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფასებენ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი, გიორგი სიორიძე დარწმუნებულია, რომ ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ხმის ფარულობის პრინციპი ნამდვილად დაირღვა. 

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში მასობრივად დაირღვა არჩევნების ფარულობის პრინციპი გამოჟონილი ბიულეტენებით. სწორედ ამაზე დაობდა "ძლიერი საქართველო" სასამართლოს ყველა ინსტანციაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის დარღვევას აუცილებლად დაადგენს და ასე გასცემს "ქართულ ოცნებას" საკადრის პასუხს". - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქმე ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლით  (თავისუფალი არჩევნების უფლება) განიხილება. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპონენტი მიიჩნევს, რომ სარჩელის გარშემო მსჯელობა დეტალებში წავა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქმესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. 

მოლოდინები პოზიტიური გვაქვს. ჩვენ ვართ და ვრჩებით ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოდ და გვაქვს ეს შესაძლებლობა. ამიტომ კარგი მოლოდინი გვაქვს. ეს არის პირველი შემთხვევა ამ მუხლით საქმის განხილვის ევროპულ სასამართლოში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, იქნება განსაკუთრებულად დეტალებში მსჯელობა". - განაცხადა სოფო ხორგუანმა. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი ფიქრობს, რომ ერთადერთი ძალა, რომელმაც ბიულეტენებზე მარკირების გაჟონვა ვერ დაადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისია და "ქართული ოცნებაა". 

საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდა, ამ ფაქტის მოწმე გახდა. ეს უტყუარი ფაქტია. ერთადერთი, ვინც გაჟონვა, ფარულობის დარღვევა ვერ დაადგინა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კალანდარიშვილი და "ქართული ოცნებაა". მათ არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცეს ხელისუფლება". - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება. ორგანიზაცია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება).

მსგავსი სიახლეები