რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ფიქრობს, რომ კალაძე სსიპ-ებიდან ევროპული მომავლის გულშემატკივრების მოშორებას ცდილობს
რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებში - ოპოზიცია ფიქრობს, რომ კახა კალაძე მერიის თანამშრომლების მიმართ განხორციულებული სადამსჯელო კამპანიის შემდეგ, უკვე მის დაქვემდებარებაში მყოფ ბაგა-ბაღებზე გადავიდა და აღნიშნული ბრძანება, რომლის შესახებაც ბაღის ხელმძღვანელობას აცნობეს, იმ თანამშრომლებზე გავრცელდება, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის გულშემატკივრები არიან.
ბაგა-ბაღების სააგენტო არის თბილისის მერიას დაქვემდებარებული ერთ-ერთი დიდი უწყება და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური რესურსით დატვირთული, რომელსაც "ოცნება" მუდმივად იყენებდა პარტიული მიზნებისთვის და ეს იყო თავშესაფარი პარტიული აქტივის დასაქმებისათვის და თუ რეორგანიზაცია რეალურად შეეხება და მითუმეტეს კახა კალაძის უკანასკნელი პოლიტიკის პირობებში, როდესაც მან პოლიტიკური რეპრესიები გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, ეს რეორგანიზაცია შეეხებათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის გულშემატკივრები არიან და არა "ოცნების" იმ პარტიულ აქტივს, რომლებიც ფორმალურად არიან გაფორმებულები აღნიშნულ დაწესებულებებში", - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ანა გოგოლაძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი კი ფიქრობს, რომ "რეჟიმის მსახვრელი ხელი" ყველა სფეროასა და უწყებაში შევა, რადგან მისი თქმით, რეჟიმი უკვე კანონიერების და სამართლიანობსი საზღვრებს დიდი ხანია გაცდა.
დაანონსებული რეორგანიზაცია ბაღებში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანა არ იმართება სამართლიანობის და კანონის პრინციპით და რომ ეს არის რეჟიმი, რომლის ამოცანაც არის განახორციელოს რეპრესიები. ყველა სფეროში და ყველა უწყებაში შევა რეჟიმის ეს სასტიკი ხელი. ვინც ახლა შეიძლება ფიქრობდეს, რომ მასთან არ მივა რეჟიმის მსახვრელი ხელი და ის როგორღაც საკუთარ თავს დაიცავს, მინდა ვუთხრა, რომ ვერავინ ვერ შეძლებს დაიცვას საკუთარი თავი რეპრესიული რეჟიმისგან", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
თბილისის მერიის შემდეგ, რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებშიც ცხადდება. შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა, 20 მარტს მიიღეს.