როგორ აპირებს პრეზიდენტი რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა აიძულოს - ზურაბიშვილი კონსულტაციებს მართავს

21.03.25 20:12
როგორ აპირებს პრეზიდენტი რეჟიმს ახალი არჩევნების დანიშვნა აიძულოს - ზურაბიშვილი კონსულტაციებს მართავს

როგორ აპირებს სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს ახალი არჩევნების დანიშვნა აიძულოს? ლეგიტიმური პრეზიდენტი სამოქმედო გეგმის შესახებ სამოქალაქო სექტორს ესაუბრა. მთავარი თემა სინდისის პატიმრების ციხიდან გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა იყო.

გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა პრეზიდენტის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი მესამე სექტორს 3 საათის განმავლობაში ხვდებოდა. 

ზურაბიშვილი დაანონსებულ გეგმას მიჰყვება. მისი მიზანია, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორიც და აქტივისტები გაერთიანდნენ და ერთიანი გეგმით იმოქმედონ რეჟიმის წინააღმდეგ. 

საუბარი იყო იმაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით იყოს უფრო მეტი კოორდინაცია, როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის და ვფიქრობ, რომ 31-ში ამ კოორდინაციის მნიშვნელობა, შედეგები კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება და ასევე საუბარი იყო იმაზე, რა ერთიანი სტრატეგია უნდა იყოს ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი გაიზარდოს, რათა ჩვენ მივიდეთ მთავარ მიზნამდე - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე, - ამბობს „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დირექტორი. ლონდა თოლორაია. 

შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემაც. 

ჩვენ პერიოდულად ვხვდებით ხოლმე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს ქვეყანაში აქტუალურს, ამ შემთხვევაში, ვისაუბრეთ, სად არის დღეს საქართველო როგორც პროტესტის ნაწილში და დაკავებულების ნაწილში, რა მდგომარეობაა ასევე საგარეო პოლიტიკის ველზე, რა მიმდინარე მოვლენებია, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ვისაუბრეთ მათ შორის, მიმდინარე და დაგეგმილ აქციებზე, - ამბობს ნინო დოლიძე. 

"პირველებისთვის"  ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტისთვის ემზადება. უკვე დაგეგმილია შეხვედრა, მინიმუმ, სამ ქვეყანაში. ზურაბიშვილმა ევროპის დედაქალაქებში ქართველი ხალხის უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა მოითხოვოს. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები