დიდი ბრიტანეთის სანქციები მურუსიძე-ჩინჩალაძეს - კობახიძის პირველი კომენტარი
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და როდესაც, ჯერ არცერთ მსგავს საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
კობახიძემ ასევე მოსამართლეების წინააღდეგდ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და მათ სანქციების დამწესებელი ქვეყნებისთვის "ტრაგიკული" უწოდა.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს შენობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ მოსვლა და მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენთვის სასამართლო დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
ამ კუთხით, იცით, რომ არის კონკრეტული გამოწვევები, მათ შორის, ეს არის გამოხატული იგივე პირდაპირი ჩარევებით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. გავიხსენეთ, იგივე, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, სხვა ჩარევები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ასევე შევეხეთ, რა თქმა უნდა, სანქციებს, რომელიც დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის სტრუქტურების მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ.
კიდევ ერთხელ შემიძლია, აღვნიშნო ის, რომ ეს ყველაფერი არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს. ჯონ ლოკის ქვეყანაში, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა ე.წ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც თავისი არსით უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ აქციებს. წარმოუდგენელი რამ იქნებოდა ასეთი რამ, დაახლოებით, 10-20 წლის წინ, მითუმეტეს, გასულ საუკუნეში კიდევ უფრო მეტად.
რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს ჩვენ დავუპირისპირდებით იმით, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამას ალტერნატივა არ აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და, შესაბამისად, აქ ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები,- განაცხადა პრემიერმა.
- ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
- დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
- ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.