ბადრი ჯაფარიძე მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
ბადრი ჯაფარიძე მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს - ეს განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გააკეთა.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდება იმ მიზეზით, რომ მიმალვის საფრთხე არსებობდა, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება - "არ ვაპირებ არსად წასვლას".
ეს არის პოლიტიკური თაღლითობა. იმაზე საუბარი, რომ თითქოს ეს საგამოძიებო კომისია შედგება ოპოზიციისგან იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გავიდნენ "ქართული ოცნების" სიით, მათ ერთი სიტყვა კრიტიკული არასდროს არ უთქვამთ არც ბიძინა ივანიშვილზე და არც "ქართულ ოცნებაზე" და როგორ შეიძლება ეს იყოს ოპოზიცია.
მეორეც, გახარიას პარტიამ თქვა, რომ არ აპირებს ე.წ. კომისიაში მონაწილეობას იმიტომ, რომ არალეგიტიმურად მიიჩნევს მას. შესაბამისად, კანონის უხეში დარღვევაა, როდესაც ეს კომისია თავს საგამოძიებო კომისიას უწოდებს. ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ვითომ და საგამოძიებო კომისიის პლატფორმა ოპონენტების გასაშავებლად.
მე როდესაც ვიყავი 90-92 წლებში უზენაესი საბჭოს წევრი გადატრიალების შემდგომ სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ წავსულვარ ამ ქვეყნიდან, შემდგომ როცა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაიწყო დევნა და 9 წლიანი მუხლი მომიყენეს, მაშინაც არ წავსულვარ ამ ქვეყნიდან. არ ვაპირებ არსად წასვლას, შესაბამისად ვითომ და მიმალვის რისკი არსებობდა, ეს არის სიცრუე. ცხადია, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოს გამოყენებას. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"პირველებმა" დღეს კითხვით საქმის პროკურორს, მარი მეშველიანსაც მიმართა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი ბადრი ჯაფარიძეს ხელმეორედ დაიბარებენ წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გამოუცხადებლობის შემთხვევაში წაუყენებენ თუ არა მას კვლავ ბრალს და ჩაითვლება თუ არა ეს გირაოს პირობების დარღვევად, პროკურორი პასუხობს:
აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ დადგინდება ბრალდებულის მხრიდან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტიც, შესაბამისი გამოძიება ჩატარდება და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში აღნიშნულს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა მეშველიანმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
- ბადრი ჯაფარიძეს 50-დღიანი ვადა მისცეს, რათა დაკისრებული გირაო გადაიხადოს.
ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.