სისტემურ ხასიათს იღებს ის იერიში, რომელიც დაწყებულია "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ - ბუაძე
"პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი აბსურდია" - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე თანაპარტიელისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდების ფაქტს.
საბა ბუაძე ფიქრობს, რომ "ძლიერი საქართველოს" წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ სისტემურ ხასიათს იღებს.
"პოლიტიკური დევნა და ეს რეპრესია იქნება სწორედ ის, რაც დაასრულებს ამ რეჟიმს" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მედიასთან.
სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი აბსურდი და კატასტროფა არის ის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერ ბადრი ჯაფარიძეს ცდილობენ, რომ გაასამართლონ იმისთვის, რომ წულუკიანის ღვარძლის ფრქვევის არალეგიტიმურ კომისიაში არ მიიღო მონაწილეობა. სისტემურ ხასიათს იღებს ის იერიში, რომელიც დაწყებული არის "ძლიერი საქართველოს" ლიდერების და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ, ეს არის ნიშანდობლივი. ვინაიდან, ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი სტაბილურობის შენარჩუნება ივანიშვილისთვის ცხადია არის პრობლემა და მისივე ხელით იმის აღიარება, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისში არის, ოღონდ ამ კრიზის განმუხტვის გზა მას მიაჩნია, რომ გადის პოლიტიკური დევნის გაძლიერებაზე და ეს პოლიტიკური დევნა, ეს რეპრესია იქნება სწორედ ის, რაც დაასრულებს ამ რეჟიმს", - ამბობს საბა ბუაძე.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
- ბადრი ჯაფარიძეს 50-დღიანი ვადა მისცეს, რათა დაკისრებული გირაო გადაიხადოს.
ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.