სასამართლოს და პროკურატურას პოლიტიკური დევნისთვის იყენებენ - ნაცვლიშვილი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდებაზე
სასამართლოს და პროკურატურას პოლიტიკური დევნისთვის იყენებენ, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი, ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების ფაქტს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "სასამართლო სისტემაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებელი იქნება ფუნდამენტური რეფორმის გატარება".
ეს პროცესები, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, თუ როგორ იყენებენ სასამართლოს და პროკურატურას პოლიტიკური დევნისთვის და ანგარიშსწორებისთვის, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ის მიზნები, რისთვისაც შემოვედით პოლიტიკაში, არის სწორი, საჭირო მიზნები. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებელი იქნება ფუნდამენტური რეფორმის გატარება სამართალდამცველ-სასამართლო სისტემაში". - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
- ბადრი ჯაფარიძეს 50-დღიანი ვადა მისცეს, რათა დაკისრებული გირაო გადაიხადოს.
ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.