გახარია: კომისიაზე ჩემი მისვლის შემდეგ თუ ენმ-ს უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მითხრან

16.04.25 00:11
გახარია: კომისიაზე ჩემი მისვლის შემდეგ თუ ენმ-ს უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მითხრან

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს, წულუკიანის კომისიაზე მის მისვლას უკავშირებს. 

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს, რომ სხდომის დასრულებიდან მალევე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გამოვიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს:  "აღარ აგკრძალავთო, მადლობა ერთი მაინც მითხრან და დამთავრებულია ამით საქმე".

ამასთან, როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მისი მისვლით, “კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და მანდატი დაკარგა.“

“ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ“,- თქვა გახარიამ.

ჩემი მისვლით ამ კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და გეტყვით რატომ, მანდატი დაკარგა. ამ კომისიის მანდატი გახლდათ პარტიების და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება. ზუსტად 1-2 საათში, ჩემი იქიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და თქვა, რომ აღარ აუქმებენ ამ პარტიას და რაღაც მოყვა, იბოდა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ. ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ბოიკოტში ვართ, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ვისმენთ არ ვისმენთ, ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლება, ამ კომისიას ჰიბრიდული ომისთვის იყენებს. ეს კომისია თუ ასე გაგრძელდა დ ამ ჰიბრიდულ ომს არ შევეწინააღმდეგეთ, მერე გვეტყვიან , რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამასაც შევეგუებით. თქვენ თუ გგონიათ, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყო?“,- განაცხადა გახარიამ.

ექსპრემიერი ამტკიცებს იმასაც, რომ "ქართული ოცნების" პარლემენტს მისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და არც მომავალში ექნება.

აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ნიშნავს არანაირი ლეგიტიმაციის მინიჭებას რაიმე დოზით, რაიმე ფორმით, ნაწილობრივ... ათას სიტყვას იგონებენ ახლა, იმიტომ, რომ იციან, ეს არ არის ლეგიტიმაციის მინიჭება.

ჩვენს პარტიას ამ კომისიაში ეკუთვნის ორი ადგილი და ის, რომ ჩვენი დეპუტატები აქ არ არიან, ეს ნიშნავს იმას. რომ არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან, არც მომავალში ექნება და მითუმეტეს ამ კომისიას"- დასძინა მან. 

დღესვე გაირკვა, რომ გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები