რა უთხრეს "ოცნებას" ამერიკაში? - ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება
რა გზავნილებით ბრუნდება ლევან დავითაშვილი ამერიკიდან საქართველოში? - "ოცნების" ლიდერთან შეხვედრის შესახებ არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ამერიკის საელჩოს ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
მოვისმინეთ მხოლოდ დავითაშვილის მოკლე ინტერვიუ, რომ საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხებოდა, თუმცა ოპოზიცია ამის რესურსს ვერ ხედავს.
პროპაგანდა იყო აწყობილი "ოცნების" მხრიდან, რომ მოვა 20 იანვარი და ყველაფერი დალაგდება. 20 იანვრის შემდეგ გასულია 3 თვეზე მეტი და როგორ "დალაგდნენ", ყველამ კარგად ვნახეთ. ბუტაფორიული, ტყუილი პროპაგანდის ნაწილი არის დავითაშვილის და ე.წ. დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში. მაქსიმალურად ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ თითქოს, რაღაც დაალაგეს. რა დაალაგეს, ეს სინამდვილეში ყველამ კარგად ვიხილეთ". - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა.
სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს კითხვები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მოლოდინებთან დაკავშირებით ექნებოდა.
"ქართული ოცნება" მუდმივად ატყუებს საზოგადოებას. მათი განცხადებები რეალურად შეხვედრის არსს არ ასახავს. ჩვენ ეს კარგად ვნახეთ, როდესაც მაკა ბოჭორიშვილმა ტყუილი უთხრა ხალხს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი იყო ქართული მხარის განცხადებას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ექნებოდათ სასაუბრო ამერიკულ მხარეს იმ მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს. სულ რამდენიმე თვეში ახალი რეალობის წინაშე იქნება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების აზრი, როგორ აპირებენ, რომ ახალ რეალობას გაუმკლავდნენ, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის საინტერესოა". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, კოალიციის წევრი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ საქართველოსთვის მთავარი საკითხები, როგორიც კანონის უზენაესობა, თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი მართლმსაჯულებაა, ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში ყოველთვის იდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობები კონკრეტულ პრინციპებს ეფუძნება. ეს განსაზღვრული იყო წლების განმავლობაში. უპირობო არაფერი არ არის. ჩვენ მოვისმინეთ, მოქმედებაშიც ვნახეთ უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საკითხი გვერდით გადადებული არ იქნება. უახლოეს პერიოდში გავარკვევთ, როგორი იქნება ეს დამოკიდებულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი საკითხები, რაც ეხება კანონის უზენაესობას, თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს, უსაფრთხოებას, ეს საკითხები ყოველთვის იქნება დღის წესრიგში". - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ივანიშვილის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი შეხვედრა ჰქონდა. ამერიკასთან მოლაპარაკებებში ისევ ლევან დავითაშვილია ჩართული. სახელემწიფო დეპარტამენტში დავითაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა და ინფორმაციაც თავად გაავრცელა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. რა უთხრეს დავითაშვილს, ამერიკულ მხარეს ჯერ ინფორმაცია ამ საკითხზე არ გაუვრცელებია. ეკონომიკის და ფინანსთთა მინისტრები ამერიკაში მსოფლიო ბანკთან შეხვედრებზე ჩავიდნენ და პარალელურად, როგორც თავად ამბობენ, საუბარი შედგა სახელმწიფო დეპარტამენტში.