მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია

25.04.25 12:24
მიზანშეწონილად არ ჩავთვალე... - ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არ უხსენებია

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე მადლობა 8-ჯერ გადაუხადა, ირაკლი კობახიძე კი გამოსამშვიდობებელ სიტყვაში საერთოდ არ უხსენებია.

"პირველების" კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა კობახიძე არცერთხელ, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "მიზანშეწონილად არ ჩათვალა გუნდის წევრები ჩამოეთვალა"

ჩვეულებრივი სპეკულაციებია... ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს და აქ არავითარი საფუძელი არ არსებობს", - თქვა მან.

კითხვაზე, "ეთანხმება თუ არა კობახიძეს დღეს ყველაფერში" - ღარიბაშვილმა თქვა, რომ "კობახიძეს თავისი ხედვა აქვს"

"ოცნების" აწ უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა არც კობახიძის საქმიანობა შეაფასა.

პრემიერ მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა, მე რატომ მეკითხებით? - თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილი დღეს ირწმუნებოდა, რომ როცა ის პრემიერი იყო, ხოლო კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, "ჰარმონიული ურთიერთობა" ჰქონდათ.

"ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერმინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის. 

მსგავსი სიახლეები