რუსეთის დაზვერვა თავისი აგენტის გამოყენებით საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს ებრძვის - გეგელია

27.04.25 17:42
რუსეთის დაზვერვა თავისი აგენტის გამოყენებით საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს ებრძვის - გეგელია

რუსეთის დაზვერვა თავისი ოფიციალური აგენტის გამოყენებით საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს ებრძვის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის დაზვერვა, მისი რიტორიკა და ხრიკები "ქართული ოცნების" ერთადერთი მაშველი რგოლია. 

რუსეთის დაზვერვა პირდაპირ თავისი საცეცების და ამ შემთხვევაში, თავისი ოფიციალური აგენტის გამოყენებით პირდაპირ ებრძვის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ქართულ პროტესტს და ქართულ დემოკრატიას. უკვე რამდენიმე წელია, რაც რუსეთის დაზვერვა, მისი ტექნიკები, მისი ხრიკები და მისი პოლიტიკური რიტორიკა არის ერთადერთი მაშველი რგოლი, რომელიც "ქართული ოცნების" რუსულ, უნიჭო რეჟიმს დარჩენია, რადგან ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, არ გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და დარჩა ერთადერთი ბოტასების ქურდები და რუსეთის დაზვერვის აგენტები, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში გადატრიალება იგეგმება, რასაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი უდგანან.

პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურას დღეს მიმართა. მათი მტკიცებით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, სადაც მეხუთე პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი თითქოს რუს ოპოზიციონერს საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე და ქუჩის აქციებზე ელაპარაკებიან.