"დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას…" - ონისე ცხადაძე

31.07.25 16:32
"დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას…" - ონისე ცხადაძე

"დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას…" - ასე მიმართა სასამართლოს ონისე ცხადაძემ დღევანდელ პროცესზე.

  • დღეს, სინდისის 11 პტიმრის სასამართლო პროცესზე, ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახის გადასინჯვაზე შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ისინი პატიმრობაში დატოვა

დაკავებულმა მსახიობმა განაცხადა, რომ სინდისის პატიმრების უფლებადამცველებს ყველა უნდა დაეთანხმოს, რადგან ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სასამართლომ სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას.

ონისე ცხადაძის განცხადებით, "ის ადამიანები ვინც ამას გავალებენ, მალე აღარ იქნებიან, იმათ სულ არ აინტერესებთ თქვენ ვინც შეგითრიათ, რას გააკეთებთ".

მე დღეს რასაც მოვუსმინე ადვოკატებს მგონი ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ ,რომ უფლებადამცველებს დაეთანხმოთ ამას არ ვამბობ როგორც ბრალდებული, ნეიტრალური პირიც რომ ვიყო, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა უნდა დაეთანხმოს, სასამართლო, პროკურატურა, მინისტრი  თუ მეუფე. ეს ჩემზე უკეთ იცით თქვენ და უნდა გადადგათ სწორი ნაბიჯი.

ემოციურად, მე რის გამოც მინდა გამიშვათ, ჩემს ფსიქიკაში არის ასეთი რაღაც, რომ ვერ აღვიქვამ, იმას რაც დამემართა, იმიტომ, რომ ვერ ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც უნდა განვიცდიდიე ამას… ცარიელი ადგილები რჩება ადამიანების გონებაში, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ გული აგიჩუყდეთ, შეიძლება, ეს არც იყოს საჭირო. უბრალოდ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ცარიელ ადგილებს, ერთ წამში აქედან გასვლის შემდეგ, ერთი სიტყვით და ქმედებით ამოვავსებთ.

ციხის არ გვეშინია, კი არ ვბლატაობთ, პირიქით… მე არ მინდა რომ ნასამართლეობა მქონდეს, იმიტომ რომ ეს ხელს შემიშლის, ან ვის უნდა უნდოდეს, არსად მივიმალებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ ამ გამოძიებას თუ რაც ქვია… ჩემი თავის გამო არ ვამბობ, თქვენ გამო გეუბნებით, ხომ იცით რასაც აკეთებთ… ჩვენნაირი ე.წ კრიმინალები თუ გყოლიათ საბრალდებო სკამზე, ადამიანები, რომლებსაც ღიმილი არ გვაშრება სახეზე… და ამ ვითარებაშიც ვცდილობთ მხნედ ვიყოთ. ის ადამიანები ვინც ამას გავალებენ, მალე აღარ იქნებიან, იმათ სულ არ აინტერესებთ თქვენ ვინც შეგითრიათ, რას გააკეთებთ. მინდა ეს ყველაფერი დავივიწყო, აქედან რომ გავალ, არც ღვარძლი მექნება და არც შურისძიების განზრახვა.

სულ რომ არ მინდოდეს, ეგრე იქნება…. მარტივი მოცმეულობაა, სრულიად აბსურდში გვატარეს 8 თვე. მე მცირე იმედს მაინც ვიტოვებ.. დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და მერე მე თვითონ მოვალ და შევაკეთებ, აქედან დავიწყებ სასამართლოს რეფორმას…" - ამბობს ონისე ცხადაძე. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: არქივიდან]