ადვოკატი: სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს
ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს, - ამის შესახებ სიდნისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე 28, 29 და 30 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება 14 წუთიან ვიდეოს, რასაც ბრალდების მხარე, ძირითად მტკიცებულებად უთითებდა -ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო საქმეში ფაქტობრივად აღარ არსებობს, რადგან ფიზიკურად მას აქვს მხოლოდ ვერბალური ნაწილი.
ძირითად მტკიცებულებად, რასაც ბრალდების მხარე უთითებდა, იყო, დაახლოებით 14 წუთის ხანგრძლივობის ვიდეო, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და განვმარტეთ, რომ ეს ვიდეო, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს საქმეში, რადგან ფიზიკურად მას აქვს ვერბალური ნაწილი, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ამ დრომდე, სასამართლო სხდომებზე გამოკვლელული მტკიცებულებების წარმოდგენის და გამოკვლევის შემდეგ, დღეს უკვე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვის შემდეგაც, ფაქტობრივად, არა თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არამედ ბევრად უფრო დაბალი სტანდარტითაც, პროცესუალურად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი, არ არსებობს საფუძველი, გვქონდეს მოლოდინი გამამრტყუნებელი განაჩენის, - განაცხადა ადვოკატმა.
- დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
- ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.