შეუცვლის თუ არა სააპელაციო ხაბეიშვილს პატიმრობას გირაოთი? - დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა

15.09.25 15:54
შეუცვლის თუ არა სააპელაციო ხაბეიშვილს პატიმრობას გირაოთი? - დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა

შეუცვლის თუ არა სააპელაციო სასამართლო ენმ-ს დაკავებულ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს აღაკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას გირაოთი? - დაცვის მხარემ მეორე ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილება გაასაჩივრა.  დოკუმენტი სასამართლოს ადვოკატებმა უკვე ჩააბარეს.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში სრულად უგულებელყოფს მტკიცებულებებს და ხელოვნურად ქმნის საფუძველს, რათა პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდეს. მისი თქმით, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ლევან ხაბეიშვილი შესაძლოა მიმალვას ან ახალი დანაშაულის ჩადენას შეეცადოს, არადამაჯერებელია, რადგან წლების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც ის სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.

კონდახიშვილის თქმით, საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი“ და "ოცნება" პირდაპირ ქმნის მტკიცებულებებს იმისთვის, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში დატოვოს.

მოსამართლე მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, რომ არის რისკი იმისა, რომ ლევანი შეიძლება, მიიმალოს ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული და ამის გამო იგი უნდა იყოს გამწესებული, ეს არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი პოლიტიკური მართლმსაჯულების. ლევანთან მიმართებით, მოგეხსენებათ, წლებია მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა საქმეზე და არ ყოფილა არცერთი პრეცედენტი, რომ ლევანი ან გამომძიებელთან არ მისულიყო, ან სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებუიყოს და რა თქმა უნდა, არადამაჯერებელია მიმალვის საფრთხეზე საუბარი. 

ასევე როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თითქოსდა ლევანის თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში, იგი გააგრძელებს საჯარო განცხადებებს და ეს ნიშნავს განგრძობით დანაშაულს, რაც, თავისთავად, კიდევ ერთხელ ღიმილის მომგვრელია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო რაიმე ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, უბრალოდ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. 

სასამართლო საერთოდ გვერდს უვლის მტკიცებულებებზე საუბარს გადაწყვეტილებაში. თეთრი ძაფით არის საქმე ნაკერი. მე არ შემხვედრია პრეცედენტი, როცა ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, წერილით მიმართავდეს, მაგალითად, შსს-ს, გდდ-ს ხელმძღვანელს და ეუბნებოდეს, გამოგვიყავით პირები, ვინც უნდა დავკითხოთ მოწმის სახით. პირდაპირი მნიშვნელობით ეს ნიშნავს ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნას იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერი ჩასვან ციხეში, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე  ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.   

  • ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები