შეიძლება თბილისში რომ ჩამოვალ, მეც აეროპორტში ბორკილები დამადონ - ბაჩიაშვილის დედა
გიორგი ბაჩიაშვილის დედას არ უკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილს The Guardian სტატია "არ მოეწონა" და სწორედ ამიტომ გაავრცელა მისმა ადვოკატმა განცხადება, სადაც The Guardian“-ის და ,,The New York Times”-ის ჟურნალისტებს "დაქირავებულებად" გამოაცხადა.
მარინა რამაზაშვილი ამბობს, რომ "The Guardian“- თან არანაირი წინასწარი გარიგება არ ჰქონია.
რამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ განცხადება თემურ წიქვაძემ ბიძინა ივანიშვილის კარნახით დაწერა.
როგორც გამოიკვეთა ამ წიქვაძის განცხადებაში, მეც კი შეიძლება ბრალი დამდონ და შეიძლება თბილისში რომ ჩამოვალ, აეროპორტში ბორკილები დამადონ - ამბობს ბაჩიაშვილის დედა.
The Guardian-ის ჟურნალისტი მე დამიკავშირდა რამოდენიმე ხნის წინ და მთხოვა ინტერვიუს ჩაწერა, მას აინტერესებდა გიორგის საქმე დედის პოზიციიდან. მე მივეცი ეს ინტერვიუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმართლე ვილაპარაკე. მასთან არანაირი წინასწარი გარიგება მე არ მქონია. The Guardian გიორგის საქმით ადრეც იყო დაინტერესებული და მგონი 3-4 სტატი აქვს მასზე. მათ უბრალოდ აინტერესებთ ამ ადამიანის ბედი რაღაც დროის განმავლობაში, იმიტომ, რომ საკმაოდ დრამატულად მიდის გიორგის საქმე. ადვოკატის განცხადება რა თქმა უნდა ივანიშვილის ნაკარნახევი ტექსტია, რადგან ამ კაცს არანაირი ფანტაზია არ აქვს, რომ თავისით დაწეროს რამე. რა თქმა უნდა, არ მოეწონებოდა ეს (სტატია), მაგრამ მისი პირადი ტყვე და მისი პირადი პატიმარია. როგორც გამოიკვეთა ამ წიქვაძის (ადვოკატი) განცხადებაში, მეც კი შეიძლება ბრალი დამდონ და შეიძლება მოლოდინი მქონდეს, თბილისშ რომ ჩამოვალ, შეიძლება აეროპორტში ბორკილები დამადონ.
გიორგიზე საოცარი ზეწოლა გრძელდება იმიტომ, რომ მე მგონი, ერთადერთი პატიმარია საქართველოში, რომელსაც არ აქვს მშობლებთან და ახლობლებთან დარეკვის უფლება, მოწერის უფლება, ნახვის უფლება. ამისთანა რა რეციდივისტია, ვინ არის გიორგი მაგათ წარმოდგენაში, რომ ასე "სჯიან". გიორგი ძალიან ძლიერია და მეც ძალიან ძლიერი ვარ", - განაცხადა მარინა რამაზაშვილმა.