"არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი" - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება
27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთან აფხაზეთიდან დევნილები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბებიან და მსვლელობას რუსთაველის გავლით პარლამენტამდე გამართავენ.
დევნილობაში მცხოვრები მოქალაქეები ამ ფორმით გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას და "ქართული ოცნების" პოლიტიკასაც.
"არ შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენ არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი" - ეს იქნება 27 სექტემბრის პროტესტის მთავარი სათქმელი. აქციას უერთდება კოალიცია "ცვლილებებისთვისაც".
“ჩემი პოლიტიკა არის ბრძოლა სახლში დაბრუნებისთვის. ჩემი სახლი სოხუმში აგრბას სამშია, რომელიც წამართვა რუსმა ოკუპანტმა, მაგრამ ვერ წამართვა მეხსიერება და დაბრუნებისთვის ბრძოლის სურვილი. 27 სექტემბერი არის დღე, როცა კიდევ ერთხელ ვახსენებთ ერთმანეთს რომ აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ომს და ჩვენი სახლების ოკუპაციას. მშვიდობას მოიტანს თავისუფლება, სამართლიანობა და ევროპული მომავალი. ევროპა ნიშნავს მშვიდობას, თანასწორობას, ღირსებას - ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ათასობით დევნილს არ დაგვაკარგვინა სახლებში სწორედ ღირსეულად დაბრუნების იმედი. ამიტომ მე და ჩემი თანამებრძოლები ვიდგებით 27 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, გმირთა მოედანზე, რადგან ჩვენ ვიცით სად არის ჩვენი სახლი და ვის გვერდით გვინდა ვიდგეთ მომავალში - დიდ ევროპულ ოჯახში”. - ამბობს ნათია ლეთოდიანი.