ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს - ამოღებულია „მდმა “, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა- მოყვანის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ. ქ. და 2001 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ი.ო. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას,ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მდმა “, „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.