"დაიცავი ლევანი უსამართლობისგან!" - მოქალაქეები დღეს მხარდაჭერის ნიშნად ჯობავას აეროპორტში დახვდებიან
"დაიცავი ლევანი უსამართლობისგან!" - მოქალაქეები დღეს მხარდაჭერის ნიშნად ჯობავას აეროპორტში დახვდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას 17:00 საათზე დაიწყებენ. არის მოლოდინი, რომ შესაძლოა, ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე მიგზავნილ "ტიტუშკას" იარაღი წაართვა, დააკაონ, რადგან გუშინ სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც კაფედან იარაღიანი არასრულწლოვანის გაყვანას ასახავს. პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ ვიდეო კადრები არ შეესაბამება მანამდე გავრცელებულ ვერსიას, რომ აქციის მონაწილეებმა იარაღიანი პირი გაანეიტრალეს და ისიც და იარაღიც პოლიციას ჩააბარეს.
აღნიშნულს გამოეხმაურა ადვოკატი ომარ ფურცელაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა".
„გამოცდილება აჩვენებს, რომ პროპაგანდისტული მედიების კამპანიები ნიადაგის მომზადებაა შსს-ს მოქმედებისთვის. ლევან ჯობავას დევნა და შესაძლო ბრალი მართლმსაჯულების კარიკატურაა.
თხოვნა იყოს ეს და გაფრთხილება: შეიძლება წვეთი აკლდეს იმ ოკეანეს, რომელიც წაგლეკავთ და ნუ გარისკავს ნურავინ. ლევან ჯობავა, კარგი კაცი ხარ!“- დაწერა ფურცელაძემ.
გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ლევან ჯობავა და დაწერა, რომ ხვალ ბრუნდება საქართველოში და დანებებას არ აპირებს.
“რა გინდოდა ყოფილიყავი შენთვის”
გეტყვის ნებისმიერი მდუმარე შენი გარემოცვიდან და თავის წილ ზიზღს გადაყლაპავს, რომელსაც იმის მიმართ განიცდის ვისაც ძალით უღიმის და ცრუ კომპლიმენტენს ეუბნება.
ხოდა მე მინდოდა მეკეთებინა ხობის საკვირაო სკოლა, სამეგრელოს რაგბის განვითარების გეგმა მინდოდა მეკეთებინა, ხობში მინდოდა ცხოვრება ოჯახთან ერთად, გარემოზე და გარშემომყოფებზე ზრუმვა მინდოდა.
არ გამოვიდა ეგ საქმე, რადგან თუ გინდა რამე აკეთო, თვალი უნდა დაუხუჭო სისტემას, მერე თავი უნდა დახარო, ძალით გაიღიმო და ცრუ კომპლიმენტები უთხრა “ბოსს” .
რას იზამენ ხვალ ქოცები არ ვიცი, არც ის ვიცი რას იზამენ ზეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რას შვებიან უსამართლობასთან მებრძოლი მოქალაქეები და დემეტრეს ვფიცავარ მრცხვენია კიდეც ამხელა სოლიდარობის.
მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რას ვგრძნიბ, როცა ერთ მხარეს გასუსული ექს კოლეგები, მეგობრები, ნათესავები დგანან პროპაგანდის სამსაზურში და მეორე მხარეს ამდენი ადამიანის, ნაცნობის თუ უცნობის ასეთი სოლიდარობაა.
სიტყვებით მადლიერების გამოხატვა არ გამოვა, საქმით აუცილებლად “გადავიხდი”.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !
ცეცხლი ოლიგარქიას!" - დაწერა ლევან ჯობავამ.
- ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაათავისუფლეს არასრულწლოვანი, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო. უწყება ამბობს, რომ „იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი“.
ჯობავას ადვოკატი, მარიამ ჯიქია ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, თუმცა ის ვარაუდობს, რომ ეს საქმე „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება“. მისი განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლითაც.