"4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ" - სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირი 9-9 წლით პატიმრობაში გაუშვა

22.09.25 12:19
"4 მილიონი ლარის ქონება ჩამოერთვათ" - სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირი 9-9 წლით პატიმრობაში გაუშვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 9-9 წლით თავისუფლებსი აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენით, მათ ასევე ჩამოერთვათ 4 მილიონი ლარის ქონება  - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე ამოღებულია დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული უძრავი ქონებები.

როგორც პროკურატურა იტყობინება, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც პროკურატურამ ამოიღო და დააყადაღა, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მისი ინტერესების შესაბამისად დასრულების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, მსჯავრდებულებმა ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე ძვირად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინეს, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

განაჩენით, მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების უკანონოდ მოპოვებული აქტივები, თანხა და უძრავ-მოძრავი ქონება.

მსგავსი სიახლეები