ჯანგველაძის საქმე - რა ჩვენება მისცა ტაქსის მძღოლმა სასამართლოს, რომელმაც უძილაური ქარელის მიმართულებით წაიყვანა
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - დღეს პროკურატურის დასაკითხ მოწმეებს შორის ტაქსის მძღოლიც იყო, რომელმაც მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური ვაზისუბნიდან ქარელის მიმართულებით წაიყვანა.
ივერი ძაძამიამ პროცესზე დეტალურად ისაუბრა მასსა და გელა უძილაურს შორის არსებულ კომუნიკაციაზე.
მოწმემ სასამართლოს მოუყვა, როგორ გადავიდა უძილაური მანქანიდან, როდესაც ქარელისკენ გადაუხვიეს, როგორ შევიდა ტყეში, სადაც მისი თქმით, 5-7 წუთი დაჰყო.
ტაქსის მძღოლმა ჩვენების მიცემისას თქვა, როგორ უთხრა უძილაურმა, რომ ყინვწვისში ვიღაც უნდა ადახვედროდა, თუმცა კონკრეტულად სად, ეს ვერ უპასუხა, რადგან არც თავად იცოდა.
ყინწვისის მონასტერთან ჩამოვიდა, შევიდა თუ არა, არ ვიცი. ბევრი გაწვალეო და თანხა - 200 ლარი დამიმატა კიდევ. გზაში მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არისო
„00:30 საათი იქნებოდა, შეტყობინება შემოვიდა. როგორც კი მივედი, შეკვეთა გამიუქმდა, მანქანა რომ მოვატრიალე, ადამიანი დამადგა, თქვენ ხართ გამოძახებითო? - მკითხა. კი, მაგრამ გააუქმეს-მეთქი. ქარელში წამიყვანო? ცოტა ნასვამი ვარ, მეგობართან მინდა ჩასვლაო.
დავეთანხმე, თუ თანხას წინასწარ გადაიხდიდა. ზღვით გადავიდეთო, მითხრა. თანხა რაც უნდა მეთქვა, იმაზე მეტი გადამიხადა. 200 ლარის თქმას ვაპირებდი და 300 გადამიხადა. ვიდრე საწვავს ჩავასხამდით, მაღაზიასთან გაჩერება მთხოვა, აღმაშენებლის ხეივანზე მივადექით მაღაზიას. ამხელა მაღაზიას რა შემოივლის, სადმე „დრაივზე“ გამიჩერეო, მითხრა. „მოლამდე“ „დრაივთან“ გავაჩერე, ბოდიში, ვერ გადავალ და იქნებ, ერთი ენერგეტიკული და წყალი მიყიდოო, თანხაც მომაწოდა.
ქარელისკენ რომ გადავუხვიეთ, მანქანიდან გადავიდა, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, 5-7 წუთი არ გამოჩნდა, გადმოვედი, მაინტერესებდა სახეზე. ტყეში შევიდა. რომ გამოვიდა, სახეზე შევხედე. ქარელის ცენტრამდე არმისული, მითხრა, გვიანია და ნეტა, ტაქსს თუ ვიშოვიო, სოფელ ყინწვისში მივდივარო. ვუთხარი, მე წაგიყვან-მეთქი.... როგორც კი დავადექით ყინწვისის გზას, მითხრა, ზუსტი მისამართი არ ვიცი, გზაზე უნდა დამხვდნენო.... ვუთხარი, საეჭვოდ იქცევი, გაარკვიე, სად მივდივართ-მეთქი. კარგი, „მესიჯს“ მივწერო და ტელეფონში იყურებოდა - არ ვიცი, მართლა მიწერა ვინმეს თუ არა. მერე გადასახვევი იცნო. ტყეში, დაახლოებით 3-კილომეტრნახევარი ვიარეთ, მონასტერთან ჩამოვიდა, შევიდა თუ არა, არ ვიცი. ბევრი გაწვალეო და თანხა - 200 ლარი დამიმატა კიდევ. გზაში მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არისო“, - განაცხადა ძაძამიამ. (ipn-ის მიხედვით)
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.