BBC-ის გამოძიება: როგორ ცდილობს რუსეთის მიერ დაფინანსებული ყალბი საინფორმაციო ქსელი მოლდოვაში არჩევნების ჩაშლას
როგორ ცდილობს რუსეთის მიერ დაფინანსებული ყალბი საინფორმაციო ქსელი ევროპაში არჩევნების ჩაშლას - ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება BBC-იმ ჩაატარა.
გამოცემა BBC საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვაში რუსეთის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ქსელი მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობს და დეზინფორმაციას ავრცელებს.
BBC-მ ფარულად მომუშავე ჟურნალისტი ქსელში მიავლინა, რომელიც ქსელში Telegram-ის ჯგუფის მეშვეობით გაწევრიანდა.
ირკვევა, რომ BBC-ის რეპორტიორს ქსელის კოორდინატორი, ალინა ჟუკი, დაუკავშირდა და არჩევნებამდე TikTok-სა და Facebook-ზე პოსტების დადების სანაცვლოდ თვეში 3 000 მოლდოვური ლეი შესთავაზა, რომელიც მას სანქცირებული რუსული ბანკიდან, Промсвязьбанк-დან ჩაერიცხებოდა.
მონაწილეებს პრორუსული ქსელის დავალებით უნდა გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ EU-ში მოლდოვას წევრობა მოითხოვს ქვეყნის სექსუალური ორიენტაციის ცვლილებას და რომ პრეზიდენტი მაია სანდუ ბავშვების ტრეფიკინგით არის დაკავებული.
გამოცემის თანახმად, ქსელის მონაწილეებს ფულს ასევე იმისთვის უხდიდნენ, რომ პრორუსული ოპოზიციის, პატრიოტული საარჩევნო ბლოკის მხარდამჭერები აღერიცხათ და არარსებული ორგანიზაციის სახელით შერჩევითი გამოკითხვა ჩაეტარებინათ, რომელიც აჩვენებდა, რომ მმართველი პარტია სინამდვილეში არჩევნებს წააგებს.
როგორც BBC წერს, ქსელის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განმარტა, რომ ეს კვლევა არჩევნების შესაძლო შედეგებში ეჭვის შეტანისთვის სამომავლოდ საფუძველს უქმნით.
- გამოცემის ცნობით, ამ ე.წ. გამოკითხვის შედეგები ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა. თუმცა, ოფიციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველი პროევროპული პარტია, ქმედებისა და სოლიდარობის პარტია მხარდამჭერთა რაოდენობით ოპოზიციას უსწრებს.
BBC-ის მიხედვით, საიდუმლო ქსელი ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ მოლდოველ ოლიგარქს, ილან შორს დაუკავშირეს, რომელიც აშშ-ს მიერ “კრემლის მავნე გავლენის ოპერაციებში” მონაწილეობისთვის, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ კორუფციისთვის არის სანქცირებული.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ Промсвязьбанк ილან შორის ერთ-ერთი კომპანიის აქციების მფლობელია.
გარდა ამისა, BBC წერს, რომ პროპაგანდისტულ ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია Евразия-ც დაუკავშირეს, რომელსაც ილან შორთან აქვს კავშირები.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება