ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, უძილაურმა დახმარება ბავშვობის მეგობარს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ჩვენება სასამართლოში

22.09.25 15:13
ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, უძილაურმა დახმარება ბავშვობის მეგობარს სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ჩვენება სასამართლოში

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ, გელა უძილაურმა დახმარება ბავშვობის მეგობარს სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო - ამის შესახებ დღეს სასამართლოს თავად მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარმა ილია სამიტაშვილმა უამბო.

ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ უძილაური სამიტაშვილთან სამსახურში მივიდა და ღამის გასათევი ადგილი სთხოვა, მან კი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, უარი განუცხადა.

„დაახლოებით, 20:00-21:00 საათი იქნებოდა, სამსახურთან [ხინკლის სახლი] მოვიდა, დახმარება მთხოვა, ღამის გათენება უნდოდა და უარი ვუთხარი. ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, ვერ დაგეხმარები-მეთქი. მე ვერანაირ დახმარებას ვერ გავუწევდი“, - განაცხადა მოწმემ.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები